„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზვიად საბანაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ზვიად საბანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დატოვა.
„ვალები გქონდა და ჩვეულებრივად გიყიდეს. ამორალური „ოცნებაა“, რომელმაც შენი სიდუხჭირე გამოიყენა და კიკუსავით გიყიდა. მესმის, ოჯახში ორი კაპიკი შეიტანე და ამით ცოტა მაინც მატერიალური შვება გექნება. მორალურად კი განოლდი, მაგრამ ეგ შენი არჩევანია“, – მიმართავს უგულავა საბანაძეს.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის დამარცხების შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ყველანი მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში ერთი ოჯახი არიან.
„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.